ხანძთა


ხანძთის მონასტერი 782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ეს გრიგოლის პირველი სავანეა, რომლიდანაც წარმოდგა მისი ზეწოდება. ხანძთამ განსაკუთრებული როლი შეასრულა კლარჯეთის ისტორიაში. 951 წელს ხანძთის მონასტერში აქაური ბერის გიორგი მერჩულეს ხელით დაიწერა „გროგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ცნობილია XI-XIII საუკუნეთა რამდენიმე ხანძთელი მოღვაწეც (მოსე ხუცესი, სტეფანე დიაკონი). ოსმალეთის იმპერიის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და თანდათან დავიწყებას მიეცა. ხანძთის ეკლესიის მოძებნა გაძნელდა, რადგან მოსახლეობის გამაჰმადიანებას კლარჯეთში ქრისტიანული წარსულის თითქმის სრული დავიწყება მოჰყვა. კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ დაიკარგა ორის სახელწოდება და ეს ორი მაინცადამინც შატბერდი და ხანძთა აღმოჩნდა. ბედის ირონიით, სწორედ ის მონასტრები ამოიშალა, რომლებიც თავად გრიგოლ ხანძთელმა დააარსა და რომლებიც მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. 1950–იან წლებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ცნობების დეტალური ანალიზის საფუძველზე პ. ინგოროყვამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორტა, სოფელ ფირნალის ერთ–ერთი უბანი) . ხანძთის პირველი ეკლესია, რომელიც 782 წლის ახლოს, მონასტრის დაარსების დროს აშენდა, გიორგი მერჩულეს ცნობით, „ძელის“, ე.ი. ხისა იყო, ისევე, როგორც საცხოვრებელი სენაკები და სატრაპეზო. 820–იან წლებში ხანძთის მონასტერში ქვის ეკლესია აშენდა. მშენებლობის ქტიტორი იყო აშოტის აზნაური გაბრიელ დაფანჩული. ხანძთის ახალი, რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა 910–იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავთ–ერისთავი, კუხად წოდებული. შენობა დაასრულა გურგენ ერისთავთ–ერისთავმა. ეს ის ეკლესიაა, რომელივ დღესაც დგას ხანძთის მონასტერში. ხანძტის მესამე ეკლესიის მშენებლობა ცოცხლად აქვს აღწერილი გიორგი მერჩულეს. მას დასახელებული ჰყავს ხანძთის ახალი ეკლესიის ხუროთმოძღავრი – „სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი“ ამონა.
წყრო

No comments:

Post a Comment