შატბერდი


შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.
როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.
„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ - ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.
გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.
შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).
დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს. თუმცა ტაძარი ნაკელითაა სავსე...

No comments:

Post a Comment