ხახული


თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმან-აღა, იოღუნი, ჩირენისი...ხულისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც აქაურები, ქართული ტრადიციისამებრ, თამარის ხიდს უწოდებენ.
სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. ამის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული წარწერები გვამცნობს. მთავარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ, გარს ერტყა მცირე ეკლესები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, 3 კი - გარეთ. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია.
ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურაპალატის მიერ, X საუკუნის II ნახევარში, რასაც ადასტურებს „ქართლის ცხოვრება“. ასევე საყურადღებოა მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნავიანი ბაზილიკა. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია - მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა... ეს ააშენა დავით კურაპალატმა, ბაგრატ მეფის მამობილმა. ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერები ცოტაა. ზოგი მათგანი ტაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ტაძრის მოხატულობისაგან ცოტა რამ შემორჩენილა. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები. ტაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმიდა გიორგის, ღვთისმშობლის გამოსახულებები.
ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლეისო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფები და სხვა. სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედის კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
წყარო

No comments:

Post a Comment