იერუსალიმის ჯვრის მონასტერი


ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი). დღეს ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თაღებს.
ჯვრის მონასტერი დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავთელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. იგი მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა).
გადმოცემით მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წელს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII საუკუნის დამდეგს მეფედავით IV აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ალ-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის (1187) შემდეგ მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას.
1272 წელს მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი არადგინეს და განაახლეს. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV საუკუნეში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა დამზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა, 1516-იდან, მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები.
წყარო

No comments:

Post a Comment